3 კვირის და 6 დღის წინ
სახელი უცნობია
Aa

"შეიძელება დღეს სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდეს" - რას ამბობს ლუის ენრიკე

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლივერპულთან“ პირველ მატჩთან დაკავშირებულ მოლოდინებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„„ლივერპული“ ბოლო წლებში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩვენ ვუპირისპირდებით გუნდს, რომელმაც ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. იურგენ კლოპის წასვლის შემდეგ არნე სლოტმა შეძლო და შექმნა სრულყოფილი გუნდი, რომელსაც შეუძლია პრესინგი, დაცვა და შეტევა. მათ შეუძლიათ შეტევა არა მხოლოდ პოზიციურად, არამედ სწრაფი შეტევებითაც. ძალიან შეკრული მეტოქეა, მაგრამ ეს ჩვენი მოტივაცია და შესაძლებლობაა, ყველას ვაჩვენოთ, რომ ამ დონის გუნდის დამარცხება შეგვიძლია.

უნდა ვეცადოთ, ბურთი არ დავუთმოთ და თავად გავაკონტროლოთ, მეტი შანსი შევქმნათ და დაცვაში უფრო ეფექტური ვიყოთ. ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს, მაგრამ გასულ სეზონში ნახევარფინალში გასვლა მოვახერხეთ. ამიტომ არა მგონია, რომ ეს ფაქტორი შემაფერხებელი იყოს. ახლა ვიცით, რომ ასეთ დიდ მატჩებში ემოციები უნდა მოვთოკოთ. საბედნიეროდ, ტრავმირებული არავინაა.

„ლივერპულის“ შეტევა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ შეტევაში გადასვლისას შეცდომა რომ არ დავუშვათ. მათ შეტევაში სამი უსწრაფესი თავდამსხმელი ჰყავთ. სწორედ ესაა ხვალინდელ დაპირისპირებაში ჩვენი მოტივაცია. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, ვანახოთ ევროპას.

რაც შეეხება შემადგენლობას, ზოგიერთი ფეხბურთელი იმსახურებს თამაშს და შეიძლება ხვალ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდეს. ზოგჯერ თამაშის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი შეცვლაზე შესვლაა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი გუნდური სულისკვეთებაა. ეს არის ის, რაც გვაძლიერებს. ხვალ ყველას თავისი როლი ექნება, მათაც კი, ვინც ერთი წუთითაც არ ითამაშებს.

ხვალ არ გადაწყდება, შემდეგ ეტაპზე ვინ ითამაშებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი თამაში იქნება ჩვენთვის. „პარკ დე პრენსის“ ატმოსფერო არაჩვეულებრივია და იქ თამაში მეტოქისთვის ადვილი არაა. იმედი მაქვს, ამით ვისარგებლებთ“.

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლივერპულს“ ოთხშაბათს, 5 მარტს „პარკ დე პრენსზე“ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. როგორც ფრანგული მედია წერს, ხვიჩა მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს და ამის შესახებ ენრიკემ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

Facebook კომენტარები