ლონდონის "ჩელსი" ხვალ კარაბაოს თასის მეოთხედფინალურ მატჩს ჩაატარებს, სადაც "ნიუკასლ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.
ხვალ "არისტოკრატთა" რიგებში ელოდებიან ფრანგი თავდამსხმელის, კრისტოფერ ნკუნკუს ოფიციალურ დებიუტს. ნკუნკუმ პრესეზონის მიმდინარეობისას მუხლის ტრავმა მიიღო, რომელმაც საკმაოდ დიდი პერიოდი გამოატოვებინა.
ფრანგი ფორვარდის შესახებ "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"შემიძლია გითხრათ, რომ ის დაახლოებით 20 წუთს ითამაშებს. შაბათს კრისტოფერის ჯანმრთელობით არ გავრისკე, რადგან 1-2%-ით დაეჭვებული ვიყავი. 100%-ით დარწმუნებული უნდა ვიყო, რათა რამე არ მოხდეს.
4-5 თვიანი უქმობის შემდეგ, ნკუნკუ მხოლოდ რამდენიმე კვირაა ვარჯიშობს. გუნდი განვითარდა და სიტუაცია შეიცვალა. იმაზე ვწუხვარ, რომ იგი ზედმეტი წნეხის ქვეშ არ აღმოჩნდეს. არ უნდა ვიფიქროთ ისე, რომ ახლა დაბრუნდა ბიჭი, რომელიც ყველა თამაშს მოგვაგებინებს. არ მჯერა, რომ ასე მოხდება.
კრისტოფერს ფიზიკური კონდიციების აღსადგენად დრო დასჭირდება. იმედია, ის ხვალ ჰეთ-თრიქს გაიტანს და მერეც ასე გააგრძელებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ნკუნკუზე გადამეტებული ზეწოლა არ იყოს," - თქვა პოჩეტინომ.
სხვათა შორის, "ლაიფციგიდან" შეძენილი შემტევი შაბათს, "შეფილდ იუნაიტედთან" მატჩის განაცხადშიც გახლდათ შეყვანილი, თუმცა არგენტინელმა სპეციალისტმა იგი მოედანზე არ შეიყვანა.
"ჩელსისა" და "ნიუკასლის" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.