ინგლისური გრანდის წარმომადგენლებმა ერიკ ტენ ჰააგი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ცნობილი სპეციალისტის შემცვლელის პოვნაზე გუნდმა აქტიურად დაიწყო მუშაობა და რამდენიმე ცნობილ მწვრთნელთანაც გამართა ფარული მოლაპარაკებები. თუმცა, „მანჩესტერის“ ხელმძღვანელებს გუნდის ახალი თავკაცის ძებნაში ბევრი დრო არ დაუხარჯავთ და უახლესი ინფორმაციის თანახმად, მათთვის სასურველი კანდიდატი უკვე ნაპოვნია.
ინგლისური წყაროების განცხადებით, „მანჩესტერი“ რუბენ ამორიმთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და მხარეებს შორის კონტრაქტის გაფორმებამდე სულ ცოტა დრო დარჩა. პორტუგალიელი სპეციალისტი ამჟამად „სპორტინგს“ უდგას სათავეში და მისი გადაბირების სანაცვლოდ ინგლისელებს 10-12 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ გამოსასყიდი თანხის სახით.
ამორიმის ხელმძღვანელობით „სპორტინგის“ ფეხბურთელებმა 277 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 161 მოგებით დაასრულეს, 33 ფრე ითამაშეს და მხოლოდ 33 მატჩში დამარცხდნენ. აღნიშნულ პერიოდში გუნდმა ორჯერ მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატი და სამჯერ დაეუფლა ქვეყნის თასს. მათ ასევე სუპერ თასის მოგებაც შეძლეს.