მერსესაიდულმა "ლივერპულმა" 2024 წელი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო. "სქაუზერებმა" გუშინ "ნიუკასლ იუნაიტედს" უმასპინძლეს და უხვგოლიან მატჩში გაიმარჯვეს, ანგარიშით 4:2.
შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი "წითლების" ეგვიპტელი სუპერვარსკვლავი, მუჰამედ სალაჰი იყო. მართალია, მომ პირველ ტაიმში პენალტი გააფუჭა, თუმცა ეს მეორე ნახევარში დუბლითა (სხვათა შორის, მეორე გოლი ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი გახლდათ) და საგოლე გადაცემით გამოასწორა.
სალაჰის ბრწყინვალე პერფომანსის შესახებ "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
"აღარავის უნდა უკვირდეს, რომ მოს თამაშის შეცვლა ან მისი მიმდინარეობისას გაუმჯობესება შეუძლია, რადგან ეს მას ასზე მეტჯერ გაუკეთებია.
რაც უფრო მეტი გოლი გაქვს გატანილი, მით უფრო ეჩვევი მომენტების გაფუჭებას და გესმის, რომ ერთადერთი გზა წინსვლის გაგრძელებაა. მოც სწორედ ასე მოიქცა.
თამაში სწორი მიმართულებით მას მერე წავიდა, რაც დარვინ ნუნიესმა მოს საგოლე პასი გაუკეთა. ვიტყოდი, რომ სტადიონზე მყოფი ყველა ადამიანი იმ მომენტში ბურთს კარისკენ გაუშვებდა, მაგრამ დარვინმა ფანტასტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ეს თავიდან ბოლომდე სუპერკომბინაცია იყო," - თქვა გერმანელმა.
სალაჰი ახლა ეგვიპტის ნაკრებს შეუერთდება, რათა მათთან ერთად აფრიკის თასზე გამოვიდეს. ტურნირი 13 იანვრიდან 11 თებერვლამდე გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ "ფარაონებმა" ფინალამდე გააღწიეს, "ლივერპულს" თვე-ნახევრის განმავლობაში მოუწევს თავისი მთავარი ვარსკვლავის გარეშე ყოფნა.
"წითლები" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციას იკავებენ და მეორეადგილოსან "ასტონ ვილას" 3 ქულით უსწრებენ.