წლევანდელი საზაფხულო ფანჯრის პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის გასაფორმებელ ახალ კონტრაქტზე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გავრცელდა. თუმცა, იტალიური კლუბის სპორტული დირექტორის უახლესმა განცხადებამ ყველაფერს საბოლოოდ მოჰფინა ნათელი.
ჯოვანი მანას განცხადებით, გუნდი ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმებაზე უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ხვიჩა კვარაცხელია გუნდში კიდევ 5 წლით დარჩება და ამის სანაცვლოდ 6 მილიონს მიიღებს ხელფასის სახით.
აღნიშნული ხელშეკრულების განსახილველად კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი რამდენიმე კვირაში ჩაფრინდება იტალიაში. ახალი კონტრაქტის გაოფიციალურების შემთხვევაში, ხვიჩა გუნდში რომელუ ლუკაკუსთან ერთად ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.