ესპანური გრანდის შტაბში ტრავმების გამო დიდი პრობლემებია. გუნდის ლაზარეთში უკვე მკურნალობენ მცველები, ნახევარმცველები და ამჯერად მათ მეკარეც შეემატათ. მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გრძელვადიანი ტრავმა ბოლო თამაშის მიწურულს მიიღო და იგი კლუბს მომავალ წლამდე ვეღარ დაეხმარება.
„ბარსელონას“ წარმომადგენლებმა მისი შემცვლელის შეძენა ოფიციალურად გადაწყვიტეს და აღნიშნული როლის შესავსებად ყველაზე აქტიურად ვოიცეხ შჩესნის განიხილავენ. ესპანური კლუბი მეკარის აგენტს უკვე დაუკავშირდა დეტალების შესათანხმებლად.
„ბარსელონას“ ამჟამად მხოლოდ თავისუფალი აგენტების დამატება შეუძლია, რაც მათი პოტენციური სამიზნეების რიცხვს მნიშვნელოვნად ამცირებს. თუმცა, აღნიშნული სიის სათავეში სწორედ პოლონელი მეკარე მოექცა. მან კარიერა გასული სეზონის ბოლოს დაასრულა, თუმცა უახლესი ინფორმაციის თანახმად იგი მზადაა „ბარსელონას“ გამო მოედანს დაუბრუნდეს. ესპანური მედიის ცნობით, შჩესნი ესპანურ კლუბში გადასვლასთან ახლოსაა, თუმცა იგი ძირითადი შემადგენლობის წევრობის გარანტიას ელის და მისი საბოლოო გადაწყვეტილებაც აღნიშნულ ასპექტზეა დამოკიდებული.