"წინა ოლიმპიადაზე, ლაშა ბექაური უშუალოდ მწვრთნელისა და სამედიცინო შტაბის, საერთო ძალისხმევის ხარჯზე გახდა ოლიმპიური ჩემპიონი"
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის სამედიცინო გუნდის წევრი, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი რეაბილიტოლოგი - გიორგი ჭინჭარაული ქართველი ოლიმპიელების ფიცის დადების ცერემონიის შესახებ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ “სამწუხაროდ, ღონისძიებაზე არავის გახსენებია სამედიცინო პერსონალი, რომელიც ოლიმპიურ გუნდს, 24 საათის მანძილზე უნდა მოემსახუროს“.
გიორგი ჭინჭარაულმა პოსტი ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ მალევე გამოაქვეყნა
“მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონიალი. პირველ რიგში, მინდა წარმატება ვუსურვო ყველა სპორტსმენს. იმედი მაქვს, მათი შრომა უკვალოდ არ ჩაივლის და ჩვენ პარიზიდან გამარჯვებულები დავბრუნდებით.
ახლა კი, თავს უფლებას ვაძლევ, ვიღაცისთვის მცირე, თუმცა ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, დიდ დეტალს გავუსვა ხაზი - ღონისძიებაზე არცერთ გამომსვლელს, არ უხსენებია სამედიცინო პერსონალი, არ უხსენებია ის ადამიანები, ვინც ოლიმპიურ გუნდს, 24 საათის მანძილზე უნდა მოემსახუროს. (თუ ვინმე ვერ ხვდება ექიმის როლს სპორტის ყოველდღიურობაში, თავად სპორტსმენებს გაესაუბრონ).შესაძლოა ეს პოსტი ეგოისტურად ჩამითვალოს ვინმემ, ვინც არ მიცნობს, მაგრამ ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ როდესაც საქმეა გასაკეთებელი, როცა სპორტსმენს რამე სჭირდება, ყველაფერზე ვარ წამსვლელი და არ მჭირდება არავის "ჯიკება", შექება, წარმატებების სურვება, ჩემთვის ყველაფერი მეასეხარისხოვანია. მიზანი არის სპორტსმენის გამარჯვება, თუმცა აქ მხოლოდ ჩემზე არაა საუბარი...
მოკლედ და არც ისე მოკლედ, როცა ოლიმპიელებს უსურვებ წარმატებას და მადლობას უხდი მათ მწვრთნელებს, ოჯახებს და გულშემატკივრებს, გვერდში დგომისთვის, იქვე არ უნდა დაგავიწყდეს ის ადამიანები, ის გუნდი, ვინც ზრუნავს მათ ყოველდღიურ ჯანმრთელობაზე, იმაზე რომ სპორტსმენმა ივარჯიშოს დაუბრკოლებლად (ტრავმის მიუხედავად). იმაზე, რომ სპორტსმენმა ტრავმების გარეშე მიაღწიოს შეჯიბრებამდე და ა.შ.
მაშინ, როცა ამხელა პასუხისმგებლობას ვიღებთ, მაშინ როდესაც წინა ოლიმპიადაზე, ლაშა ბექაური, უშუალოდ მწვრთნელთა და სამედიცინო შტაბის, საერთო ძალისხმევის ხარჯზე გახდა, ოლიმპიური ჩემპიონი.. და ბევრი ასეთი... აქვე გეტყვით, რომ გეგმაში იყო რამდენიმე ექიმის ღირსების ორდენზე წარდგენა და მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმ დროს გაწეული მნიშვნელოვანი შრომისა, ჩვენი "კეთილმოსურნეების" გამო, ამ ამბავმაც ისე ჩაიარა.
გეტყვით, რომ ცვლილებებებია სამედიცინო ჯგუფში, ახალგაზრდა და ძლიერი გუნდი დგას დღეს ოლიმპიელთა გვერდით. როგორც კლინიკური ასევე "საველე" პირობების გათვალისწინებით. მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, ბევრი ტრავმისა და პრობლემისა, პირობას ვდებთ, რომ ყველაფერს გავწვდებით უმაღლეს დონეზე. გვაქვს საკმარისი გამოცდილებაც და საბრძოლო ხასიათიც!
წარმატებეს ვუსურვებ ჩემს კოლეგებს და მივმართავ მათ :- იმდენი უნდა გავაკეთოთ ბიჭებო, რომ შემდეგში, თუნდაც უნდოდეთ, თვალი ვერ დახუჭონ ჩვენს ნაშრომზე და ვინმემ მაინც თქვას: - "წარმატებები ჩვენს სამედიცინო გუნდს" და "მადლობა ექიმებსო!“ - წერს გიორგი ჭინჭარაული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის სამედიცინო გუნდი, ეროვნულ ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იმუშავებს. პირველად, უკანასკნელი 24 ლის განმავლობაში, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო სამსახურს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.
პროფესორ ზურაბ კახაბრიშვილის გადაწყვეტილებით, საპასუხისმგებლო საქმე ფირუზ ტუნაძემ ჩაიბარა. თავად ზურაბ კახაბრიშვილი, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ, პარიზის თამაშებზე ტექნიკურ ოფიციალურ პირად (მთავარი ექიმი) დანიშნა.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე კი ჩვენი სამედიცინო გუნდის შემადგენლობა ასეთია:
ფირუზ ტუნაძე (სამედიცინო გუნდის ხელმძღვანელი); ლაშა ღონღაძე, ვაჟა ომარაშვილი, გიორგი მგელაძე, თემურ მგელაძე, ავთანდილ თელია, გიორგი ჭინჭარაული, რუსლან ღიბრაძე.
პარიზის ოლიმპიური თამაშები სტარტს 26 ივლისს აიღებს.