ევროპის ჩემპიონატი ინგლისელებისთვის კვლავ წარუმატებლად დასრულდა. გარეთ საუთგეიტის თავკაცობით, ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეორედ მოახერხა ტურნირის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა. თუმცა, მათ ამჯერადაც მხოლოდ ვერცხლის მედლების მოპოვება შეძლეს. ფინალი ესპანეთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
აღნიშნული წარუმატებლობისა და 2 წაგებული ფინალის შემდეგ, გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. იგი გუნდის სათავეში 2016 წლიდან იდგა და ჯამში ნაკრებმა მასთან ერთად 102 მატჩი ჩაატარა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაიბარებს ინგლისელთა შემადგენლობას და ვინ გაწვრთნის მათ მსოფლიოს შესარჩევი ეტაპისთვის მომზადების პროცესში.