ნაჩო ფერნანდესს „მადრიდის რეალთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. უახლესი ინფორმაციის მიხედვით, იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით საუდის არაბეთში გადაინაცვლებს. “Marca”-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ნაჩო „ალ იტიჰადს“ შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ „რეალის“ კიდევ ერთი ყოფილი ვარსკვლავი, კარიმ ბენზემა სწორედ ამ გუნდის მოთამაშეა.
ესპანური მედიის განცხადებით, ნაჩო ახალ გუნდთან 2 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და ამის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებს.
„რეალის“ ფეხბურთელს კრიშტიანო რონალდოს ამჟამინდელი გუნდისგანაც ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა მან „ალ ნასრის“ ნაცვლად ბენზემას გუნდში გადასვლა გადაწყვიტა. ნაჩოს და „ალ იტიჰადის“ სპორტული დირექტორის შეხვედრა წარმატებით დასრულდა და მხარეები კონტრაქტის დეტალებზე წარმატებით შეთანხმდნენ.