გიორგი მამარდაშვილის მომავალი კლუბი ჯერ კიდევ უცნობია. მისი შეძენით ყველაზე მეტად „ნიუკასლი“ იყო დაინტერესებული, თუმცა აღნიშნული ტრანსფერი დიდი ალბათობით აღარ შედგება. ფაბრიციო რომანოს განცხადებით, ინგლისური კლუბი ჯეიმს ტრაფორდს შეუთანხმდა პირად კონტრაქტზე. აღნიშნული მეკარის ყიდვა მათ ბევრად უფრო იაფი დაუჯდებათ, რის გამოც „ნიუკასლი“ სავარაუდოდ სწორედ „ბარნლის“ მოთამაშეს დაიმატებს.
GOL digital-ის თქმით, მამარდაშვილის შეძენა ესპანური გუნდებიდან მხოლოდ ერთს შეუძლია. საუბარია „მადრიდის ატლეტიკოზე“. ესპანურ გრანდს წლევანდელ სატრანსფერო ფანჯარაში იან ობლაკის შენარჩუნება საკმაოდ გაუჭირდება. „ატლეტიკოს“ მეკარის შეძენით ისეთი გუნდები არიან დაინტერესებული, როგორიცაა „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.
სლოვენიელი მეკარის გაყიდვის შემთხვევაში, „ატლეტიკომ“ შესაძლოა იგი სწორედ გიორგი მამარდაშვილით ჩაანაცვლოს. ესპანელი ჟურნალისტების აზრით, მსგავსი შანსის გაჩენის შემთხვევაში „ატლეტიკოს“ სპორტულმა დირექტორმა ის აუცილებლად უნდა გამოიყენოს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულად ფიქრობს ანდრეა ბერტა მამარდაშვილის კანდიდატურაზე.