ბელგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. აღნიშნული პროცესის ფარგლებში გამართული პრესკონფერენციისას დე ბრუინმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და სამომავლო გეგმებსაც შეეხო.
ბელგიელი ვარსკვლავის თქმით, მის ასაკში ფეხბურთელი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს და შესაბამისად, საუდის არაბეთში გადასვლაც გამორიცხული არ აქვს. დე ბრუინმა ასევე აღნიშნა, რომ ეგზოტიკურ მხარეში გადასვლა მისი ოჯახის წევრებისთვისაც კარგი იქნება, რადგან მისი 8 წლის შვილი ინგლისის გარდა სხვა მხარეს არც კი იცნობს.
დე ბრუინმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ იცის კიდევ რამდენ ხანს ითამაშებს სიტიში, თუმცა მისთვის საუდის არაბეთში გადასვლა საკმაოდ მომგებიანი იქნება. „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელის თქმით, 15 წლიან კარიერაში დაგროვილ თანხაზე მეტი ანაზღაურების მიღებას საუდის არაბეთში თამაშის სანაცვლოდ თავისუფლად შეძლებს.