ინგლისური პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში „ნიუკასლი“ კარის მშრალად შენახვას სტაბილურად ვერ ახერხებს. აქედან გამომდინარე, ცნობილი კლუბი ახალი მეკარის მოძიების საკითხით სერიოზულად დაინტერესდა. უახლესი ინფორმაციით, ისინი მთავარ სამიზნედ გიორგი მამარდაშვილს მოიაზრებენ.
ქართველი მეკარით დაინტერესებულ კლუბებს შორის „ნიუკასლი“ ყველაზე სერიოზულ ვარიანტად განიხილება. შესაბამისად, ინგლისურ კლუბს „ვალენსიას“ წარმომადგენლებმა პოტენციური ტრანსფერისთვის საჭირო თანხის რაოდენობაც აცნობეს. „Marca”-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ესპანური კლუბი გიორგი მამარდაშვილის დათმობის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონ ევროს ითხოვს.
გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში უკვე 13 მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა. შესაბამისად, „ვალენსია“ მის ტრანსფერზე მოლაპარაკებების დაწყებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუკი რომელიმე კლუბი დასახელებულ თანხაზე მეტის გადახდას მოისურვებს.