UFC 329-ზე გამართული კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლოუეის რევანში არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, არამედ ფინანსურადაც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა აღმოჩნდა. სხვადასხვა ავტორიტეტული MMA მედიის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი ანაზღაურება სწორედ მთავარი ბრძოლის მონაწილეებმა მიიღეს.
კონორ მაკგრეგორმა, გავრცელებული მონაცემებით, UFC 329-ზე საბაზისო ჰონორარის სახით 3 030 000 დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხაში შედის 3 მილიონი დოლარის გარანტირებული ანაზღაურება და 30 000 დოლარის Fight Week-ის ბონუსი. ამ ციფრებში არ შედის Pay-Per-View-ის პროცენტი, სპონსორების შემოსავალი და სხვა კომერციული შემოსავლები, რის გამოც მისი საბოლოო შემოსავალი, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალი იქნება.
მაქს ჰოლოუეიმ კი, გავრცელებული ინფორმაციით, UFC 329-ზე 2 530 000 დოლარი მიიღო. ეს თანხა მოიცავს 2.5 მილიონი დოლარის საბაზისო ჰონორარსა და 30 000 დოლარის Fight Week-ის ანაზღაურებას. ჰოლოუეის შემთხვევაშიც, აღნიშნული თანხა არ მოიცავს PPV-დან მიღებულ შესაძლო წილსა და სხვა დამატებით შემოსავალს.
UFC 329 ფინანსურადაც ისტორიული ღონისძიება გამოდგა. UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა დაადასტურა, რომ ტურნირმა ბილეთების გაყიდვიდან დაახლოებით 25 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ორგანიზაციის ისტორიაში ახალი რეკორდია. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ კონორ მაკგრეგორი, ხანგრძლივი პაუზის მიუხედავად, კვლავ UFC-ის ყველაზე დიდი კომერციული ვარსკვლავია.
მართალია, მაკგრეგორის დაბრუნება ტრავმის გამო რამდენიმე წამში დასრულდა და გამარჯვება მაქს ჰოლოუეის დარჩა, ფინანსური თვალსაზრისით ორივე მებრძოლმა კარიერის ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური ჰონორარი მიიღო. საბოლოო შემოსავალი, განსაკუთრებით მაკგრეგორის შემთხვევაში, სავარაუდოდ, ოფიციალურად მხოლოდ მოგვიანებით გახდება ცნობილი, რადგან მას Pay-Per-View-ის გაყიდვებიდან მნიშვნელოვანი პროცენტიც ეკუთვნის.