უხეირო სეზონს ატარებს „ლივერპული“ - მცველები მეტოქის შემტევებთან ბითურდებიან, ნახევარმცველები ბურთს ვერ იჭერენ, თავდამსხმელები გოლს ვერ იტანენ და ამ დროს ჟურნალისტები ლამის ყოველთვის მთავარ დამნაშავედ მეკარე გიორგი მამარდაშვილს მიიჩნევენ. რა თქმა უნდა, ის საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ მხარდაჭერის ნაცვლად საოცარ წნეხში ამყოფებენ, რაღაც უცნაურად ამოიჩემეს და ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, თავის ჩვეულ დონეზე მისთვის თამაში ძალიან ძნელია.
Rousing The Kop-ში ჯეიმს ბრუკმა ქართველის შესახებ წერილი გამოაქვეყნა სათაურით: „ლივერპულს“, შესაძლოა, გიორგი მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ.
“პარასკევს საღამოს, როდესაც „ვილა პარკზე“ „ლივერპულის“ პრობლემები გამოაშკარავდა, გიორგი მამარდაშვილის შესახებ კითხვების რაოდენობამ არნახულ ნიშნულს მიაღწია. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველს ამ სეზონში ბევრი მატჩის ჩატარება მოუწია, ვინაიდან ალისონი პირველ ნომრად „ნახევარ განაკვეთზე“ თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილი დროდადრო ურიგოდ არ წარმოაჩენს თავს, ვერ შეძლო დაერწმუნებინა „ლივერპული“, რომ 2026/27 წლების სეზონში ალისონის მუდმივად შეცვლის შესაძლებლობით კმაყოფილი იქნებოდა. ბირმინგემელებთან მატჩი ამის კიდევ ერთი დადასტურება გახლდათ. პირველივე წუთებიდან 25 წლის კარის დარაჯი არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, შეიძლება ოთხი გოლის გაშვებისას არ გაუმართლა, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მინიმუმ სამ ეპიზოდში უკეთ მოქმედება მართებდა. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, საკმარისი საფუძველი არსებობს იმის სავარაუდოდ, რომ თუ ალისონი წავა, მამარდაშვილი ვერ გახდება ის მეკარე, რომელიც მის შეცვლას მოახერხებს.
„ლივერპულს“ შეიძლება ახალი პირველი ნომერი დასჭირდეს
2024 წელს მამარდაშვილთან კონტრაქტის გაფორმებისას კლუბი აშკარდ ემზადებოდა ბეკერის წასვლასთან, რამეთუ არ დახარჯავდნენ თითქმის 30 მილიონ ფუნტს ფეხბურთელში, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე დუბლიორი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, „ლივერპული“ არ უნდა გრძნობდეს თავს ვალდებულად, ყოფილ ვალენსიელს ასეთი შანსი მისცეს. რა თქმა უნდა, არსებობს შემამსუბუქებელი გარემოებები, მაგრამ ის ფაქტი, რომ 20 მატჩის შემდეგ მისი შეფასება ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, კარგის ნიშანი არაა. შეიძლება მორგან როჯერსის და ჯონ მაკგინის დარტყმების მაღალ ხარისხზე ვისაუბროთ, მაგრამ მამარდაშვილი, ალბათ, იმედგაცრუებული დარჩა, რომ ვერ მოიგერია. მან შეიძლება ძალიან სწრაფი რეაგირება ვერ მოახდინა როჯერსის პროგნოზირებად დარტყმაზე, მაკგინის დარტყმულ ბურთს კი უნდა მიწვდომოდა. ოლი უოტკინსის პირველი გოლისას ბურთი კარში „სეივისთვის“ უხერხული ტრაექტორიით წავიდა, შემდეგ მამარდაშვილმა ორჯერ კარგი ნახტომით გადაარჩინა გუნდი, ხოლო უოტკინსის მეორე გოლამდე ბურთი ცუდად აიტანა და თავდამსხმელმა გაიტანა. კიდევ უფრო უარესი მაჩვენებელი აქვს გადაცემის გაკეთებისას, მისი 12 გრძელი პასიდან მხოლოდ 7 გამოდგა ზუსტი, ორი მარტივი შეხებისას ბურთი აუტში გადავიდა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია.