51 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

VIDEO: რა მოხდა სტადიონზე ლანჩხუთსა და ნიკე-ლუსოს სკანდალურ მატჩში

"ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა! თითქოს არაფერი მოხდა ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ არ იქნება გამართლებული. სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი მეტოქე (ნიკე-ლუსო) ის კლუბია რომლის გულშემატკივრებმა და თანამშრომლებმაც გასული წლის სექტემბერში მოედანზე ფიზიკურად იძალადეს ჩვენს ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე.  ეს ის კლუბია, რომელიც გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით იწერდა ფეხბურთელებს, შეგახსენებთ რომ ამ კლუბში ასევე ირიცხებიან არასრულწლოვანი გოგონებიც. 

დაბოლოს, ეს ის კლუბია, რომლის მფლობელი და პრეზიდენტი თავისი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს მიმდინარე წლის იანვარში.ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც თვეებია იბრძვის რომ დაუბრუნდეს ცხოვრებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!", - წერს ქალთა ლანჩხუთი სსაფეხბურთო გუნდი.

2021 წლიდან მოყოლებული, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი საქართველოში აქტიურ საქმიანობას ეწევა და ფლობს არაერთ ფირმას, მათ შორის სამშენებლო კომპანიას, ძვირადღირებული მანქანების სალონს, ქალთა ფეხბურთის კლუბს და სხვა ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობაც რეესტრში მითითებული არ არის. მისი ბიზნესპარტნიორი და კომპანიების მმართველია ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე ლუსის“ დირექტორი უჩა ურუშაძე.

მოვლენები განსაკუთრებით დაძაბულ ფაზაში 2025 წლის დეკემბერში გადავიდა. ამ პერიოდში გამართული წვეულების შემდეგ, ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე ლუსოს“ 20 წლის ფეხბურთელმა, რომელიც 2025 წლის საქართველოს ჩემპიონია ქალთა ფეხბურთში და ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, სამართალდამცავებს მიმართა და განაცხადა, რომ კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა და მფლობელმა, მეჰმეთ უიარმა გააუპატიურა.

აღნიშნული ბრალდების საფუძველზე, 32 წლის მეჰმეთ უიარი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას 9 თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში ელოდა. საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე გიორგი არევაძე) ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლეს გადაწყვეტილების მიზეზები არ განუმარტავს. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამოცხადებისთანავე, ფეხბურთელმა ქალმა, რომელიც მეჰმეთ უიარს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, გონება დაკარგა. პროკურორის განცხადებით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.