8 იანვარს ქუვეითში გასამართი ფრანგული „კლასიკო“ საფრანგეთის სუპერთასზე „პარი სენ ჟერმენსა“ და „მარსელს“ შორის ფრანგი ქომაგების გარეშე ჩაივლის. პსჟ-ის მიერ შეთავაზებული 800-ევროიანი ტური გაუქმდა, ხოლო „მარსელის“ გულშემატკივრებმა მატჩის ქუვეითში ჩატარებას ბოიკოტი გამოუცხადეს, – ინფორმაციას გამოცემა Le Parisien-ი ავრცელებს.
ეს არჩევანი ლიგისთვის ახალი არ არის – 2009 წლიდან ხშირად ტარდება სუპერთასის მატჩი საფრანგეთის ფარგლებს გარეთ (გამონაკლისი მხოლოდ 2020 და 2023 წლებია). ეკონომიკური ფაქტორები მნიშვნელოვან როლს თამაშობს – საფრანგეთის პროფესიულ საფეხბურთო ლიგას მატჩმა, დაახლოებით, 3.5 მილიონი ევროს შემოსავალი უნდა მოუტანოს.
„პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ გულშემატკივრებს 800-ევროიანი პაკეტი შესთავაზა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, საბოლოოდ ეს შეთავაზება გაუქმდა. მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა ვერ შეიკრიბა და პარიზულ კლუბს მოგზაურობის ორგანიზებაზე უარის თქმა მოუწია.
„მარსელის“ მხარეს კი გულშემატკივართა დაჯგუფებებმა, დეკემბრის ბოლოს კლუბის ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ამ მოგზაურობის სრული ბოიკოტი გადაწყვიტეს. კლუბი მხარდამჭერებს 150 ევროს დაფარვას სთავაზობდა, ხოლო თითოეულ ქომაგს 850 ევროს გადახდა მოუწევდა. გულშემატკივრებმა მატჩის ქუვეითში ჩატარება ულტრას კულტურასთან შეუთავსებლად მიიჩნიეს და მასზე დასწრებაზე უარი განაცხადეს.
უკმაყოფილება მათ გასულ კვირას, „ნანტთან“ შეხვედრის დროსაც გამოხატეს – ერთ-ერთმა ჯგუფმა ტრიბუნებზე ირონიული ბანერი გამოფინა: „თასი 2026 წელს ქუვეითში, 2027-ში – მთვარეზე?“
ჯაბერ ალ-აჰმადის საერთაშორისო სტადიონი, რომელიც ქვეყნის ყველაზე დიდი არენაა და 60 000 მაყურებელს იტევს, შესაბამისად, ძირითადად ადგილობრივი გულშემატკივრებით შეივსება. ლიგა ჯერჯერობით არ ამხელს მოსალოდნელი დასწრების მაჩვენებელს და ამბობს, რომ მატჩამდე ამ მონაცემს არ გაასაჯაროვებს.