ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში პარი სენ-ჟერმენის ქართველ შემტევს 8 მატჩში მხოლოდ 1 საგოლე პასი აქვს.
ამას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი მიზეზები, ტრავმა, შემცირებული სათამაშო დრო დაზიანების პრევენციის მიზნით და ა.შ.
თუმცა ეს სტატისტიკა ფრანგულ მედიაში დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს.
ერთ-ერთი გამოცემა წერს:
“კვარაცხელია, რომელიც პსჟ-ში ზამთარში ენერგიამოზღვავებული მოვიდა, გასული სეზონის მეორე ნახევარსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეც ბოლომდე დაიხარჯა, მაგრამ ამის შემდეგ ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი აშკარად გადაიღალა და ცდილობს, ძალები დაზოგოს.
L'Equipe დარწმუნებით წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ყოველთვის ბოლომდე არ იხარჯება და მატჩებისადმი დამოკიდებულება შერჩევითი აქვს. ქართველმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ში 8 შეხვედრა ჩაატარა და ერთადერთი საგოლე პასი გასულ უქმეებზე, ბრესტთან შეასრულა. ის საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩებში დიდად არც ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტებით გამოირჩევა, როგორიც დაცვითი ფუნქციების შესრულება ან დრიბლინგია.
სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგაზე კვარა კვლავაც ფორმაშია, სადაც ბარსელონასთან მატჩი გამოტოვა, მაგრამ 2 შეხვედრაში ითამაშა და 2 გოლი და 1 საგოლე პასიც მიითვალა. აქ, გარდა სტატისტიკისა, ქართველ ფეხბურთელს თამაშიც სტაბილურად კარგი აქვს. სწორედ ამის გამო, მას ბრალს სდებენ იმაში, რომ მატჩებს შერჩევით ეკიდება და დიდად არ სწყალობს ლიგა 1-ს, სადაც მისი აზრით, ბრწყინვალედ გამოსვლა არცთუ მნიშვნელოვანია. საეჭვოა, ლუის ენრიკე დიდხანს იყოს ამ ვითარებით კმაყოფილი”.
აქვე შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია თავის გუნდთან ერთად დღეს 20:00 საათზე ნიცას უმასპინძლებს.
