ცნობილმა ფრანგულმა ტელევიზია Telefoot-მა საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე სპეციალური ვიდეორგოლი მოამზადა. სამწუხაროდ, მოკლემეტრაჟიანი ფილმი მხოლოდ ტელევიზიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დევს და საქართველოდან დაინტერესებულ მომხმარებელს, რეგიონის შეზღუდვის გამო ფილმის სრულად ნახვა არ შეუძლია.
Telefoot-მა სოციალურ ქსელში ხვიჩასთან ჩაწერილი კომენტარის რამდენიმეწამიანი ნაწილი ატვირთა, რომელშიც ქართველი ვარსკვლავი პსჟ-სა და საქართველოს ნაკრებში განსახორციელებელ მიზნებზე საუბრობს.
„მიუხედავად იმისა, რომ საკლუბო დონეზე ჩემი უდიდესი ოცნება ავიხდინე და ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, კვლავ მინდა პსჟ-სთან ერთად ბევრი ტიტულის მოპოვება და ჩემს ქვეყანასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში.“
ფრანგულმა ტელევიზიამ ხვიჩა კვარაცხელიას გარდა პსჟ-ს რამდენიმე ვეტერანი ფეხბურთელი ჩაწერა, მათ შორის ჟერემი მენეზი, ხავიერ პასტორე და სხვები. ასევე, სიუჟეტში გვხვდებიან ქართული სპორტის ქომაგებიც, რომლებიც ქართულ ფეხბურთში ხვიჩა კვარაცხელიას საკვანძო როლზე საუბრობენ.