როგორც მოგეხსენებათ, მარტის მეორე ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა ანგარიშით 0:2 დაამარცხდა.
ორივე გოლის ავტორი ჩვენი ბომბარდირი, გიორგი მიქაუტაძე გახდა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა თქვა:
"ვფიქრობ, მარტში რამდენიმე კარგი რამ ვაჩვენეთ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ კიდევ უნდა გავუმჯობესდეთ. თუ გვინდა, რომ შემოდგომაზე ერთა ლიგაზე კარგად გამოვიდეთ, უკეთესები უნდა ვიყოთ. თუმცა, ამხანაგური მატჩები სწორედ ამისთვისაა — რომ გაზარდო შენი შესაძლებლობები შეტევაში, დაცვასა და გუნდურ თამაშში.
მაგალითად, დღეს, მეორე ტაიმში ძალიან მომეწონა ხვიჩას თამაში, რადგან ის ნამდვილად კაპიტანივით მოქმედებდა. ის ნამდვილი ლიდერი იყო და ვფიქრობ, მისი ასეთი მეორე ტაიმით ყველამ იხეირა. ძალიან პოზიტიურია, როდესაც ხვიჩა, მიქაუტაძე და კიდევ ის ფეხბურთელები, რომლებიც დასავლეთ ევროპის საკმაოდ დიდ კლუბებში თამაშობენ, იღებენ გადაწყვეტილებას, რომ მოედანზე ლიდერობა ითავონ და გუნდი გააერთიანონ. ეს ნიშნავს, რომ ატმოსფერო კარგია და მათ სურთ, რომ ერთ გუნდად იმუშაონ.
ასე რომ, მარტის ამ შეკრებიდან და ამ ორი თამაშიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი კარგი რამ იყო, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენს თამაშში გარკვეული კომპონენტები კიდევ გასაუმჯობესებელი გვაქვს.
ვფიქრობ, გიზიმ ისრაელთან უკეთესად ითამაშა, ვიდრე დღეს, მაგრამ ეს, მისთვის ჯერ მხოლოდ მეორე თამაში იყო. მან ორივე შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა, არადა „შტურმში“ აქამდე ბევრი არ ჰქონდა ნათამაშები. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ფიზიკური თვალსაზრისით საკმაოდ შთამბეჭდავი იყო ის ფაქტი, რომ მან ორჯერ 90 წუთის თამაში შეძლო. ვიცით, რომ ეს მისი საუკეთესო პოზიცია არ არის და სხვა პოზიციებზეც შეუძლია თამაში. თუმცა, თუ მას აქ ვაყენებთ, ეს იმიტომ ხდება, რომ დარწმუნებული ვარ, აქვს პოტენციალი, ამ პოზიციაზე ძალიან კარგი ფეხბურთელი გახდეს. რა თქმა უნდა, ეს ერთ დღეში არ მოხდება და დროს მოითხოვს.
დარწმუნებული ვარ მასში, რადგან კარგი ტექნიკა აქვს და შეუძლია საიმედოდ ითამაშოს. ამავდროულად, აქვს კარგი „ძრავა“, შეუძლია წინ და უკან ირბინოს და ვფიქრობ, ჩვენც სწორედ ეს გვჭირდება. ასე რომ, თუ გვინდა, ხვიჩას და ჩაკვეს თამაშის ეპიცენტრში მეტი სივრცე და შესაძლებლობა მივცეთ, ასევე გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც მეტოქის დაცვას მარჯვნივ და მარცხნივ გაწელავენ. ვფიქრობ, გიზი სწორედ ის მოთამაშეა, რომლის გამოყენებაც ამ პოზიციაზე მომავალშიც შეგვიძლია. ის აუცილებლად გაუმჯობესდება და ამ პოზიციაზე უკეთესი გახდება. ვფიქრობ, როცა ეროვნულ ნაკრებში ჩამოდიხარ, არ აქვს მნიშვნელობა სად ითამაშებ. მთავარია ითამაშო, რომ განვითარდე.
შესაძლოა, ერთ დღესაც მოვიდეს, კარზე დამიკაკუნოს და მითხრას: „მწვრთნელო, იქნებ ჩემს პოზიციაზე უკეთ ვითამაშო“ — და ამაზეც ვიმსჯელებთ. მაგრამ ვფიქრობ, ის ბედნიერი უნდა იყოს იმით, რომ აქ არის და ორი კარგი მატჩი ჩაატარა. დარწმუნებული ვარ, ამ ორი თამაშიდან ბევრს ისწავლის და ივნისში კიდევ უფრო უკეთესი იქნება.
სამმცველიან ტაქტიკას დავუბრუნდით, რადგან ვფიქრობ, სექტემბერმა, ოქტომბერმა და ნოემბერმა დამანახა, რომ ოთხი მცველით სათამაშოდ მზად არ ვიყავით. სწორედ ამიტომ დავუბრუნდით ამ ძველ სისტემას, ოღონდ ახალი ფეხბურთელებით. გადრანი და ბერიაშვილი წარსულში ჩვენთან არ ყოფილან. მათაც უნდა დაიმკვიდრონ თავიანთი პოზიცია შემადგენლობაში, გუნდში და ჩვენთან ერთად უნდა ისწავლონ.
რა თქმა უნდა, გვყავს ბევრი ფეხბურთელი, ვინც ეს სისტემა უკეთ იცის. ამიტომ, ვფიქრობ, მომავალშიც ამ ტაქტიკას შევინარჩუნებთ. მაგრამ, როგორც სულ ვამბობ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სამი მცველით თამაშობ, ოთხით თუ ხუთით. გაცილებით მნიშვნელოვანია, გუნდი კონკრეტულ სიტუაციებში როგორ რეაგირებს — რას აკეთებ, როცა ბურთი შენ გაქვს. რადგან, როცა ბურთს ვფლობთ, რეალურად ისევ სამი მცველით ვრჩებით? ვხედავთ, რომ გადრანი ხანდახან ცოტა უფრო მარჯვნივ იწევს ხოლმე. ეს, ალბათ, იმისთვის ხდება, რომ მამაგეიშვილს, ან ზუკას სივრცე გაუთავისუფლოს.
ასე რომ, აქ მკაცრად განსაზღვრული არაფერია. ვერ იტყვი, რომ სამი მცველი ოთხ მცველს სჯობს. ამას უფრო დაცვის დროს ამჩნევ და ვფიქრობ, სამი მცველი დაცვაში მეტ სტაბილურობას გვაძლევს. შესაბამისად, არა მგონია, ივნისში რაიმე შევცვალოთ და სავარაუდოდ, ისევ სამმცველიანი ხაზით დავრჩებით.“
წყარო: crystalsport