როგორც მოგეხსენებათ, ლიგა 1-ის გასულ ტურში პარი სენ-ჟერმენმა ოსერი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ბოლომდე ითამაშა.
ფრანგული მედია ქართველის პერფორმანსს ასე ეხმაურება:
Maxifoot: „ქართველი ფეხბურთელი ბურთის კონტროლითა და მოკლე დრიბლინგებით ოსერის დაცვას მუდმივად არღვევდა. ძალიან აქტიური იყო და ხშირად ზუსტადაც მოქმედებდა, თუმცა ნაპოლის ყოფილ გარემარბს ბოლო პასის ან დარტყმის მხრივ ეფექტიანობა აკლდა. მიუხედავად ამისა, პარი სენ-ჟერმენის გოლის ეპიზოდში მის მიერ ბურთის ამოტანამ ნათლად აჩვენა, რა გავლენა აქვს თამაშზე.“
Footmercato: „ქართველი ფეხბურთელი, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში, პარიზელთა შეტევების მამოძრავებელი ძალა იყო. ენერგიით აღსავსე კვარაცხელია თამაშის გახსნას ყველანაირი გზით ცდილობდა — როგორც ინდივიდუალური ოსტატობით, ისე გუნდური თამაშით. მისდა სამწუხაროდ, ოსერის მეკარეს სერიოზულ პრობლემებს ვერ უქმნიდა. მეორე ნახევარში, მობილური შემტევების შემოსვლის შემდეგ, თანაგუნდელებისგან ბევრად მეტი თანადგომა ჰქონდა.“
L’Equipe: „მას ტალანტი აქვს, ეს ვიცით, თუმცა ასეთ მატჩებში, როდესაც პსჟ თითქოს ძალებს ზოგავს, ეს ძალიან ეპიზოდურად ვლინდება. რამდენიმე გარღვევით მეტოქეს პრობლემები შეუქმნა და ლეონმა არ გაატანინა. მისი კუთხურის შემდეგ რამუშს შანსი ჰქონდა.“
Le Parisien: „ლისაბონში გატანილი გოლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა შთაბეჭდილება ოსერთანაც მოახდინა და საკუთარი მოძრაობებით მეტოქის მესამედში მომენტებს ქმნიდა. დიომანდეს ვარდნა რომ არა, მერვე წუთზე საოცარ გოლს გაიტანდა. 30-ე წუთზე რამუშს შესანიშნავი პასი გაუკეთა, შემდეგ კი თავად დაარტყა და ლეონმა აჯობა. მეორე ნახევარში ნაკლებად იყო თამაშში ჩართული.“
წყარო: Crystalsport