საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ეროვნული ნაკრების მოახლოებული თამაშების შესახებ ისაუბრა:
"25 ნოემბერს ევროლიგაში თამაშობს ჩვენი ამერიკელი ნატურალიზებული კალათბურთელი კამარ ბოლდუინი და თორნიკეს შემთხვევაში 26 ნოემბერს აქვს მატჩი. რადგან კამარი აქამდე "ბასკონიას" ღირსებას იცავდა, გვქონდა შეთანხმება, რომ ესპანურ კლუბს ეროვნული ნაკრების თამაშებზე გამოეშვა. ახლა კი "ბაიერნში" გადავიდა და მათთან მოლაპარაკება მოგვიწია. გაგვიმართლა, ალბათ, იმაში, რომ "ბაიერნის" მწვრთნელი დღეს არის ჩვენი ყოფილი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი - გორდონ ჰერბერტი. მასთან გვქონდა საუბარი, რომ გაეთვალისწინებინა ის, რომ თვითონაც იყო ჩვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იყო დაპირება რომ გამოუშვებდნენ და გუშინ დამიდასტურა, რომ მისი მხრიდან პრობლემები არ იქნება.
რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, მას 26 ნოემბერს აქვს ევროლიგაზე თამაში, 27 ნოემბერს კი ჩვენ გვაქვს უკრაინასთან მატჩი. არ ვიცი... საჯაროდ მინდა ვთქვა, რომ მე ვერ დავურეკავ თორნიკე შენგელიას და ვერ ვეტყვი, რომ უნდა ჩამოვიდეს, რაც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, ეს შეუძლებელია გავაკეთო. "ბარსელონას" მდგომარეობაშიც უნდა ჩავაყენოთ ჩვენი თავი, რადგან ევროლიგაზე ასპარეზობენ, ცალკე ჩემპიონატში მონაწილეობენ, გაიზარდა თამაშების რაოდენობა და არის დატვირთული რეჟიმი", - განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.
