საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე მნიშვნელოვანი მატჩები ელის. 28 აგვისტოს თბილისში მონტენეგრო დავამარცხეთ 27 ქულით, ხოლო 31 აგვისტოს პორტუში პორტუგალიას შევხვდებით.
ამ მატჩების შედეგებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ჩვენი ნაკრები მსოფლიოზე მეორედ. პირველად 2023 წელს იასპარეზა – იაპონიის კუნძულ ოკინავაზე კაბო ვერდე და ვენესუელა დაამარცხა, მეორე ეტაპზე გავიდა და მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.
2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ევროპის კონტინენტიდან სულ 32 ეროვნული გუნდი იბრძვის. ისინი ფინალური ეტაპის 12 საგზურს ორეტაპიანი სისტემით, 6 სათამაშო ფანჯრის განმავლობაში გაინაწილებენ. საწყისი რაუნდის დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფის სამი საუკეთესო მომდევნო ეტაპზე გადავიდა, სადაც ოთხი ახალი ექვსგუნდიანი ჯგუფი დაკომპლექტდა.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალში გაიმართება, ნაკრებები მხოლოდ იმ ახალ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მანამდე არ შეხვედრიან. საბოლოო ჯამში, ამ ახალი ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო გუნდი მსოფლიო პირველობის საგზურს მოიპოვებს.
ჩვენი ჯგუფის გუნდები (საქართველო, ესპანეთი, უკრაინა) B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია) საუკეთესო ტრიოს შეხვდებიან.