გერმანულმა "რედ ბულ ლაიფციგმა" ოფიციალურად დაადასტურა იტალიური "ნაპოლიდან" 24 წლის შემტევის, ელიფ ელმასის ტრანსფერი.
ჩრდილოეთ მაკედონიელმა ფეხბურთელმა "წითელ ხარებთან" ოთხნახევარწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. თანაგუნდელებს ელმასი 2 იანვრიდან შეხვდება, როცა "ლაიფციგი" ზამთრის შეკრების ჩასატარებლად ესპანეთში, კერძოდ, ლა მანგაში გაემგზავრება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რედ ბულ არენას" ბინადრებმა ელიფში 25 მილიონ ევრომდე გადაიხადეს.
ცნობილია ისიც, რომ ამ თანხას "ნაპოლი" ელმასის პირდაპირი შემცვლელის გასაფორმებლად გამოიყენებს.
ახალგაზრდა შემტევი "პარტენოპეიმ" 2019 წელს შეიძინა, როდესაც "ფენერბახჩეს" 19 მილიონი ევრო გადაუხადა. მას შემდეგ, ელიფმა ნეაპოლელთა მაისური ჯამში 189-ჯერ მოირგო და 19 გოლი გაიტანა. გასულ წელს იგი სერია ა-ს გამარჯვებულიც გახდა.
ელმასს ახლა ჰამსტრინგის კუნთის ტრავმა აქვს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ახალი წლისთვის უკვე მზად იქნება.